Tuesday, April 10, 2012

ნატო-ში გაწევრიანების დინამიკის შენარჩუნება


საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება მთელი ქართველი ერის მისწრაფებაა, რაც დადასტურდა 2008 წლის 5 იანვრის პლებისციტით, როდესაც მოსახლეობის 77%-მა მხარი დაუჭირა ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის იდეას. საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებასა და შეიარაღებული ძალების რეფორმას. საქართველო წლების მანძილზე წარმატებით იყენებდა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ყველა ფორმატსა და ინსტრუმენტს. ამ თანამშრომლობამ ქვეყანას საშუალება მისცა წარმატებით განეხორციელებინა დემოკრატიული რეფორმები და გარდაექმნა შეიარაღებული ძალები ალიანსთან თავსებადობის მისაღწევად. მიღწეული შედეგების საფუძველზე, ნატო-მ 2008 წლის აპრილის ბუქარესტის სამიტზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ „საქართველო გახდება ნატო-ს წევრი.“
რუსეთის აგრესიამ ვერ შეაფერხა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. 2008 წლის სექტემბერში შეიქმნა ნატო-საქართველოს კომისია, რომლის დანიშნულებაც, ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის შესაბამისად, არის ქვეყნის ნატო-ში გაწევრიანებისთვის ხელშეწყობა. 2008 წლის ნატოს დეკემბრის მინისტერიალზე გადაწყდა საქართველოსთვის ახალი ინსტრუმენტის, წლიური ეროვნული გეგმის ფორმატის შემოღება, რომლის შესრულებას მონიტორინგს გაუწევს ნატო-საქართველოს კომისია. საქართველო წლიურ ეროვნულ გეგმას განიხილავს როგორც ნატოში გაწევრიანების ინსტრუმენტს, რაც ქვეყანას საშუალებას მისცემს, დააკმაყოფილოს ალიანსში გაწევრიანების აუცილებელი კრიტერიუმები.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ამოცანაა, უზრუნველყოს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციის დინამიკის შენარჩუნება და, ბუქარესტის ვალდებულებების შესრულების მიზნით, ალიანსთან შედეგზე ორიენტირებული პოლიტიკური დიალოგის წარმოება. დიპლომატიური სამსახური, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ხელს შეუწყობს ალიანსთან საქართველოს თანამშრომლობას არსებული ფორმატის ფარგლებში. ამ თვალსაზრისით, ძირითადი ყურადღება დაეთმობა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატის მაქსიმალურ გამოყენებასა და წლიური ეროვნული გეგმის შესრულებას.
მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას სრულად ჰქონდეს გაცნობიერებული ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა და ფლობდეს ობიექტურ ინფორმაციას ამ პროცესიდან გამომდინარე მოსალოდნელი სარგებლისა თუ გამოწვევების შესახებ. საგარეო პოლიტიკური უწყება თავის წვლილს შეიტანს ნატო-ს შესახებ საზოგადოების გაცნობიერების პროცესში.

No comments:

Post a Comment