ევროპასთან სამხედრო-პოლიტიკური და კულტურული კონტაქტების დამყარებას ქართველები ოდითგანვე ცდილობდნენ. საყოველთაოდაა ცნობილი ფარსმან 11 “ქველის” ვიზიტი რომში, გიორგი მთაწმინდელის მცდელობანი წასულიყო “სპანიად” (ესპანეთში), ქართველ მეფეთა და მხედართმთავართა ეპისტოლეები ევროპელი მონარქებისადმი, ირბახისა და სულხან-საბას ვიზიტები ევროპის ქვეყნებში და რომის პაპთან, ვოლტერიანელობა საქართველოში (ლ. ასათიანი), ერეკლე 11 ის შვილიშვილთა მცდელობა ევროპული მართვა-გამგეობის შემოღებისა საქართველოში, ევროპული განათლებისადმი საყოველთაო სწრაფვა და ინტერესი.
მართალია მეცხრამეტე საუკუნეში რუსეთის იმპერიამ საქართველო დაიპყრო, მაგრამ ევროპული ცივილიზაციის ტალღები რუსეთის გავლით ჩვენთან მაინც აღწევდა.
კონსტანტინე გამსახურდია ქართველობის კულტურულ მისიად სავსებით სწორად მიიჩნევდა დასავლური და აღმოსავლური კულტურების სინთეზს და მათ დამყნობას ეროვნულ ნიადაგზე სათანადო გადამუშავების და გაანალიზების შემდეგ. მართლაცდა, ჩვენში არის როგორც ევროპული ფასეულობანი, ასევე საკმაოდ ვართ დავალებულნი აღმოსავლეთიდანაც, წმინდა სახით კი არც ევროპელები ვართ და არც აზიელები.
ილია ჭავჭავაძე ნატრულობდა ევროპაში მიმდინარე “ხალხთ ბორკილის ხმა მტვრევისა” გაეგონა საქართველოში და მათებურად მოეწყო ქვეყანა.
ნიკო ნიკოლაძე პირველი იყო ქართველ მოღვაწეთა შორის, რომელმაც მანამდე ჩვენთვის უცხო ევროპული პრაგმატულობა და რეალიზმი, არამეტაფიზიკური აზროვნება დანერგა ქვეყანაში.
დღესაც უაღრესად აქტუალურია ნიკო ნიკოლაძის მოსაზრება იმის თაობაზე, თუ რა გზა უნდა აირჩიოს ერმა სამომავლოდ: “როგორც ჭკვიანი ირჩევს ტანსაცმელს, მას რა მოერგება და რა მოუხდება, საკუთარი სხეულის აღნაგობის გათვალისწინებით, ასევე უნდა მოიქცეს ერი ამა თუ იმ მოძღვრების არჩევისას. ჯერ ერთი, თუ შეუძლია ის მოძღვრება, რაც მას ჭირდება, მან თვითონვე უნდა შექმნას. მეორეც, თუ ამისთვის ჭკუა-გონება არ ჰყოფნის და აუცილებლად სხვას უნდა დაესესხოს, მაშინ ის უნდა აიღოს, რაც მას უეჭველად გამოადგება, თუმცა ამასაც დიდი გონიერება სჭირდება. თუ ამას ვერ მიხვდა, ისე მოუვა, როგორც იმ ადამიანს, ვინც მოდას აჰყვება, შეუფერებლად მოირთვება, მოიკაზმება და ხალხის თვალში სასაცილო გახდება. ერიც ასევე შეიძლება მასხარა გახდეს კაცობრიობის თვალში” - წერდა იგი.
ნიკო ნიკოლაძე კარგად ხედავდა, რომ ევროპის მოწინავე ერები განვითარების ეროვნულ მოდელს ჰქმნიდნენ, ამასთან ითვალისწინებდნენ უცხოურ დადებით გამოცდილებასაც.
ნიკოლაძე ასევე სწორად მიიჩნევდა, რომ შეუძლებელი იყო უცხოელს, თუნდაც გენიოსს, ქართული სპეციფიკის არმცოდნეს, ქვეყნისათვის ზუსტად მისადაგებული განვითარების რეცეპტი მოეძებნა – ეს საქმე მას ქართველთა გასაკეთებლად მიაჩნდა და ხაზგასმით აღნიშნავდა კიდეც: “ჩვენი ქვეყნის გონებრივი ზრდისათვის დიდი უბედურებაა ის გარემოება, რომ დედის ძუძუთი კი არ ვიკვებებით, არამედ ცხრა მთას გადაღმიდან მოყვანილ ძიძას ვაბარივართ. ისიც ხშირად თხის რძეს გვაწოვებს და არა ადამიანისას. უცხოელი ძიძა, რაგინდ საღი იყოს, შენს დედაენას ვერ გასწავლის, შენი ქვეყნის ბუნებასა და საჭიროებას ვერ გაგაცნობს”
ნიკო ნიკოლაძე ევროპული ტრადიციით ქვეყნის შინაგანი საქმეების პირველ რიგში მოგვარებას მთავარ პრიორიტეტად სახავდა და წერდა: “მხოლოდ შინაგანი საქმეების გონივრულად და დამაკმაყოფილებლად მოგვარება უზრუნველყოფს გარედან მოსალოდნელ საშიშროებას და მოგვიტანს საგარეო დიდებას. რა დიდიც არ უნდა იყოს ჩვენი გამარჯვებები, მათი დიდება კვამლივით გაიფანტება, თუკი ჩვენ ჩვენს საკუთარ სახლში არ დავაკმაყოფილებთ აუცილებელ მოთხოვნებს, თუკი ხელს მივყოფთ საკუთარი ინტერესების სისტემატურ იგნორირებას, შევუქმნით ჩვენ თავს მრავალ ხელოვნურ სიძნელეს, მაშინ ეს გარემოება ადრე თუ გვიან სამხედრო წარმატებებზეც კი უდაოდ დამასუსტებელ გავლენას იქონიებს” _ აღნიშნავდა ის.
ნიკოლაძეს მიაჩნდა, რომ “ქართველობის მიზნები მარტო ზომიერების გზით მიიწევნება” და რომ გადაჭარბებული რადიკალიზმი დამღუპველია საქართველოსათვის. თავის ცნობილ ნაშრომში “კოშუთი და დეაკი” მან ერთმანეთს შეადარა ეს ორი ცნობილი უნგრელი პოლიტიკური მოღვაწე და მათი ტაქტიკა უნგრეთის ეროვნული სუვერენიტეტისათვის რთულ და ძნელ ბრძოლაში. კოშუთი აჯანყების გზით, იარაღითა და სისხლისღვრით ცდილობდა სამშობლოს განთავისუფლებას, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვა და ამ მიზნიდან დაშორება. უფრო რეალური და წარმატებული გამოდგა დეაკის საპირისპირო, პრაგმატული ტაქტიკა – რეფორმების გზით მშვიდობიანი ბრძოლის გზა, რამაც უნგრეთს ნაბიჯ-ნაბიჯ ეროვნული სუვერენიტეტი მოაპოვებინა. მხარს უჭერდა რა დეაკის ტაქტიკას, ნიკო ნიკოლაძე ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ “გონიერი კაცი და ერი თავისუფლებას თუ ავტონომიას მით იძენს, რომ ანგარიშიანი მართვით ჯერ თავის შინაურ, მერე სამრეწველო, შემდეგ საზოგადო, ბოლოს პოლიტიკურ საქმეების მოგვარების საშუალებით იგროვებს უმაღლესი სახელმწიფო საკითხის (დამოუკიდებლობის - ვ.შ.) გადასაწყვეტად”.
ნიკოლაძის აზრით საქართველოში ევროპისგან განსხვავებით ადგილი ჰქონდა ქვეყნის ბედისადმი ადამიანთა გულგრილობას, თაობათა მეტისმეტ დაპირისპირებას და მემკვიდრეობითობის ნაკლებად დაცულობას: “ევროპული წესის თვისება – წერდა იგი, ის არის, რომ ყოველი თაობა განძად სთვლის წინაპრებისაგან გადმოცემულ სიმართლეს და საუნჯეს და ზედ თვითონაც ბევრს ამატებს, ართავს, აშენებს. აზიაში და ჩვენთანაც, სადაც ყველას დედა-აზრი ის არის, რომ “მე ვარ და სხვა არავინო”, ყოველი ახალი თაობა ყოვლად უაზრო, უზრდელი, უტრადიციო, უეცრად სპობს და ლეწს წინანდელი თაობის ნაშრომს”.
ნიკოლაძის აზრით ძალდატანებით სამოთხეში ვინმეს შეყვანა არ შეიძლება. იგი სავსებით სწორად თვლიდა, რომ ყოველი ქვეყნის სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი წეს-წყობილება ეროვნული ტრადიციების, ფსიქიკის, ზნე-ხასიათის, გეოგრაფიული მდებარეობის შესატყვისად უნდა მოეწყოს და რომ ძალდატანებითი რუსიფიკაცია (გინდაც ევროპეიზაცია) შედეგს არ მოიტანდა.
იგი აქცენტს აკეთებდა უმთავრესად საკუთარი ძალებით, შრომით და რესურსებით ქვეყნის განვითარების აუცილებლობაზე და არა მხოლოდ უცხოელთა ფინანსურ და ეკონომიკურ დახმარებაზე, რაც არასოდეს უანგაროდ არ ხდება: “ ჯერ არსად, არც ერთ ქვეყანაში მაგალითი არ უნახავს კაცს, რომ რომელიმე ხალხი, ან საზოგადოება ამაღლებულიყოს სხვისი დახმარებით, თუ არა საკუთარი შრომით და ჯანით. ადვილად შენაძენი, ნაპოვნი, ნაჩუქარი არც კერძო კაცს დააყრის ხეირს და არც მთელ საზოგადოებას. კაცისთვის და ქვეყნისთვის მარტო ის არის გამოსადეგი და ძვირფასი, რაც იმას თავისი საკუთარი შრომით, ოფლისღვრით შეუძენია. ნაპოვნი და ნაწყალობევი კი, თითქმის ყოველთვის, ისევ ისე ადვილად იკარგება, როგორც ადვილად ნაშოვნი იყო” – წერდა იგი.
შესაბამისად, ამოცანა, ნიკოლაძის თქმით, მდგომარეობდა იმაში, რომ ევროპული წესისამებრ “ ჩვენ ჩვენი ვიმეცადინოთ, ჩვენი ქვეყნისთვის ვიზრუნოთ... მარტო ჩვენი თავის იმედი ვიქონიოთ, მარტო გაძლიერებაზე და განათლებაზე ვიმუშაოთ, – მაშინ მეგობარიც გაუჩნდება ჩვენ ხალხს და დამხმარებელიც”, ხოლო თუ ჩვენ კვლავ სხვის იმედზე და დახმარებაზე დავამყარებთ მომავალს, ხელს და ჭკუას არ გავანძრევთ, მაშინ კაპიტალიზმის ულმობელი კანონების საფუძველზე ჩვენი მომავალი პერსპექტივა ძალზე არასახარბიელო იქნება, მიაჩნდა ნიკო ნიკოლაძეს და წერდა კიდეც მოურიდებლად: “ევროპის სახელმწიფოები საქართველოს ან ალჟირივით დაიმონებენ, ან ინდო ჩინეთივით ძარცვას დაუწყებენ (იგულისხმება დამოუკიდებლობის შემთხვევაში)”.
No comments:
Post a Comment