Thursday, May 3, 2012

სტარტი აიღო ტურნემ სახელწოდებით ”Georgia Comes To You” vera kobalia

თბილისში ევროპის მოედნიდან სტარტი აიღო ტურნემ სახელწოდებით ”Georgia Comes To You” ("საქართველო მოდის შენთან"), პროექტის მონაწილეები ქვეყნიდან-ქვეყანაში გადაადგილდებიან ავტობუსის საშუალებით მარშრუტით აზერბაიჯანი-სომხეთი-პოლონეთი-უკრაინა-ლატვია. პროექტი ხორციელდება საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით. ღონისძიებას დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ვერა ქობალია და ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძე.
ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით მიზნობრივ ბაზრებზე 5 ქვეყანაში (აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი, ლატვია) დაგეგმილია საქართველოს დღეები, რომლის ფარგლებში გაიმართება საქართველოს ტურისტული პოტენციალის ამსახველი ფოტო-გამოფენა, სუვენირებისა და ქართული ხელნაკეთი ნივთების გამოფენა, ქართული თანამედროვე მუსიკისა და ფოლკლორის კონცერტები, ღვინისა და სამზარეულოს დეგუსტაცია და სხვა. ღონისძიება მოძრავია და მას ტურნეს ხასიათი ექნება. ტურნე მიზნად ისახავს საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის პოპულარიზაციას მიზნობრივ ბაზრებზე, ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ტურისტული პოტენციალის გაცნობას ფართო მასებისათვის, მიზნობრივი ბაზრებიდან ჩვენს ქვეყანაში ტურისტული ნაკადების ზრდას.
ტურნეს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები ჩატარდება ქალაქების ცენტრალურ მოედანზე ან პარკებში. დღის განმავლობაში გაიმართება ფოტოგამოფენები, პარალელურად მოხდება ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ სარეკლამო მასალებისა და ბროშურების გავრცელება, საღამოობით კი კონცერტები ჩატარდება, სადაც ქართველ შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას ადგილობრივი პოპულარული ჯგუფებიც მიიღებენ. საკონცერტო სცენა მორთული იქნება პროექტის ლოგოტიპებით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია, შესაბამის ქვეყნებში ცნობილი ადამიანებისა და ქართული დიასპორების ჩართვა ღონისძიების პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივ მოსახლეობაში. ტურნეს ხანგრძლივობა თითო ქვეყანაში იქნება 1-2 დღე (პარასკევი-შაბათი) და იგი გაიმართება მიზნობრივი ბაზრების დედაქალაქებში. ღონისძიების თანაორგანიზატორია "ალტერვიჟენ გრუფი".
 http://www.economy.ge/?category=4&lang=geo&item=787

No comments:

Post a Comment